English / ქართული / русский /
რევაზ ჯავახიშვილი
იაპონიის სოციალური უსაფრთხოების გამოცდილება

ანოტაცია. გასული საუკუნის მეორე ნახევარში, სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და სათანადო ეკონომიკური რეფორმების განხორციელებით, იაპონიამ მიაღწია დიდ წარმატებას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში. ნაშრომში გაანალიზებულია ქვეყნის სოციალური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, სოციალური უზრუნველყოფის ძირითადი რგოლები მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა, სამედიცინო დაზღვევა და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების (მოხუცების, ინვალიდების, მძიმე ავადმყოფების, მარტოხელა დედების და სხვ.) მატერიალური მხარდაჭერის პროგრამები, მათი ფორმებისა და ფუნქციონირების თავისებურებები.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკის რეფორმირება, ეკონომიკური პოლიტიკა, სოციალური უზრუნველყოფა, სამედიცინო დაზღვევა, დაზღვევის დაფინანსება. 

სოციალური უზრუნველყოფის განვითარების დონე წარმოადგენს ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების სიმწიფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელს. ამ მხრივ, იაპონია განეკუთვნება ყველაზე მაღალი კეთილდღეობის ქვეყანათა ჯგუფს. ამჟამად იგი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა (აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ). გასული საუკუნის მეორე ნახევარში სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და სათანადო ეკონომიკური რეფორმების განხორციელებით მან მიაღწია არნახულ წარმატებებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში, რომელიც ისტორიაში ცნობილია „იაპონური სასწაულის“ სახელწოდებით.

ბოლო პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში მიმდინარე რყევებისა და სირთულეების მიუხედავად, ქვეყანამ მაინც შეინარჩუნა მოსახლეობის კეთილდღეობის დონის მაღალი მაჩვენებლები. 2021 წელს იაპონიაში მოსახლეობის 1 სულზე მშპ-ის მაჩვენებელი შეადგენდა 34.8 ათას აშშ დოლარს, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 9.5, საშუალო თვიური ხელფასი კი 2898.5 აშშ  დოლარს. ქვეყანას აქვს შრომისუნარიანი მოსახლეობის აქტივობის (62.7%) და დასაქმების (61%) მაღალი, ხოლო უმუშევრობის (2.8%) ­ დაბალი დონე. ეს მაშინ, როცა მის მეზობელ სამხრეთ აზიის არაერთ ქვეყანაში უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია (ჩინეთში იგი უდრის 5.5%-ს, ინდოეთში  7.8%, ჰონკონგში 5.1%, ჩრდილოეთ კორეაში 4.7%, ტაივანში 3.73%) [5].

იაპონია გამოირჩევა სოციალურ  უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების მოცულობის მიხედვითაც. იგი  ამ მიზნით ყოველწლიურად ხარჯავს მშპ-ის 23.1%-ს, რითაც მან გადაასწრო დიდი ბრიტანეთის (22.7%) და პრაქტიკულად გაუტოლდა ნიდერლანდების (23.5%) ანალოგიურ მაჩვენებელს [2].

იაპონიის სოციალურ უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის დაზღვევის სისტემა, რომელიც შედგება სამი ძირითადი რგოლისგან:

  1. საპენსიო უზრუნველყოფა;
  2. სამედიცინო დაზღვევა;
  3. მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების (მოხუცების, ინვალიდების, მარტოხელა დედების, მცირეწლოვანი ბავშვებიანი ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებისა და სხვ.) მატერიალური მხარდაჭერა.

ქვეყნის სოციალური ხარჯების დაფინანსების ძირითადი წყაროებია იმ პირთა შენატანები, რომლებიც დაზღვეულნი არიან საპენსიო და სამედიცინო დაზღვევის სისტემაში, და  სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები. როგორც უკვე აღინიშნა, იაპონიაში სოციალურ დაზღვევაზე გაწეული დანახარჯების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია /23.1%/ და იგი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. სოციალური დანახარჯების მოცულობის გადიდების მთავარი მიზეზია ქვეყნის დემოგრაფიაში მიმდინარე არახელსაყრელი ცვლილებები, რაც  გამოიხატება მოსახლეობის სწრაფ დაბერებაში, რასაც შედეგად მოსდევს საპენსიო გადასახადებისა და სამედიცინო ხარჯების სისტემატური ზრდა. სწორედ ამ ორ მუხლზე მოდის სოციალური დანახარჯების დიდი ნაწილი. ამას თუ დავუმატებთ იმ პირთა მომსახურების ხარჯებს, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივ მოვლა-პატრონობას, მაშინ ამ სამი მიმართულებით გაწეული ხარჯების წილი მიაღწევს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ბიუჯეტის თითქმის 90%-ს [3].

იაპონიის საპენსიო სისტემა, მრავალი მაღალგანვითარებული ქვეყნისგან განსხვავებით, რიგი თავისებურებით ხასიათდება. მაგალითად, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და შვედეთში საპენსიო უზრუნველყოფა ძირითადად მოიცავს მოსახლეობის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს უმთავრესად დაქირავებულ მომუშავეებსა და თვითდა­საქმებულებს, იაპონიაში კი საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა ატარებს ყოვლისმომცველ ხასიათს. ჯერ კიდევ 1961 წელს ქვეყანაში მიღებული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის შესახებ კანონით საპენსიო უზრუნველყოფის უფლება გავრცელდა ქვეყნის ყველა მოქალაქეზე. მანამდე საპენსიო უზრუნველყოფა ვრცელდებოდა ორ საპენსიო სქემაზე: ურთიერთდახმარების ასოციაციების პენსიები, რომელიც მოიცავდა სახელმწიფო და კერძო სკოლებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლებს და კეთილდღეობის პენსიები, რომელიც მოიცავდა კერძო საწარმოთა მუშაკებს. შემდგომში მათ დაემატა კიდევ ერთი სქემა ეროვნული პენსიები, რომელიც მოიცავს დანარჩენ ყველას, ვინც ვერ მოხვდა პირველ ორ სქემაში.  ესენია: თვითდასაქმებულები, მეთევზეები და ფერმერები, უმუშევრები, სტუდენტები და ა.შ.

1986 წელს დაიწყო რადიკალური ცვლილებები იაპონიის საპენსიო უზრუნველყოფის სისტემაში. ქვეყანაში შემოღებულ იქნა საბაზო პენსიების სისტემა, რომელშიც მონაწილეობის უფლება მიეცა 65 წელს მიღწეულ ყველა პირს, დაზღვევის მინიმალურ დროდ კი განისაზღვრა 10 წელი. ქვეყნის ყველა მცხოვრები ვალდებული გახდა საბაზო სისტემაში შეეტანა ყოველთვიური შენატანები, რომლის ზომას განსაზღვრავს სახელმწიფო.

ამასთან, ვინც აქამდე დაზღვეული იყო პირველ ორ სქემაში, ავტომატურად გაერთიანდნენ საბაზო სისტემაში, რამდენადაც  რეგისტრაცია ამ სისტემაში მექანიკურად დაევალათ მათ დამქირავებლებს. იმავდროულად, საბაზო სისტემაში შეიყვანეს არამომუშავეები და მომუშავეებიც, რომლებიც ყოველწლიურად ღებულობდნენ 1,3  მლნ იენზე ნაკლებს, და აგრეთვე მათი მეუღლეები. საბაზო პენსიების გარდა, ამ სისტემათა ხელმომწერები ღებულობდნენ პენსიებს, რომლებიც გათვალისწინებული იყო მათი დაზღვევის პირობებით. ამასთან, შენატანების გადახდა ხორციელდება როგორც თავად მუშაკების, ისე დამქირავებელთა მიერ. ყველა დანაჩენი მოქალაქე შენატანს იხდის დამოუკიდებლად მუნიციპალიტეტის მეშვეობით.

საპენსიო დაზღვევის სამ სქემას შორის არსებობს შესამჩნევი განსხვავება პენსიების დონეთა თვალსაზრისით და იმის გათვალისწინებით, თუ როგორია თანაფარდობა ხელმომწერებსა და პენსიის მიმღებთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ პენსიები გაიცემა 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, დაზღვეულებს შესაძლებლობა ეძლევათ პენსია მიიღონ 60 წლის ასაკიდან ან პირიქით, მისი მიღების ვადა გადასწიონ 70 წლამდე. პირველ შემთხვევაში მათ ექვითებათ პენსიის 30%, მეორე შემთხვევაში კი ემატებათ  42%, გამომდინარე 65 წლის ასაკში მიღებული პენსიის დონიდან. საერთოდ, საპენსიო ანაზღაურება ქვეყანაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2004 წ. თვეში იგი უდრიდა 13,3 ათას იენს, 2010 წელს 15,1 ათასს, 2015 წელს კი 15,6 ათას იენს [3].

საპენსიო ანაზღაურება ცალკეულ სქემებს შორის განსხვავებულია გამომდინარე იქედან, თუ როგორია დაზღვეულთა პროფესიულ-კვალიფიციური შემადგენლობა და ცალკეულ სქემებს შორის მათი მოძრაობის ხარისხი. შედარებით მაღალი საპენსიო დონით გამოირჩევა სისტემის მესამე რგოლი, რამდენადაც აქ დაზღვეულთა შორის ჭარბობს უმაღლესი განათლების მქონე პირთა რაოდენობა, რომელთა ხელფასის საშუალო დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე საშუალოდ მთელ ქვეყანაში. შენატანები აქაც თანაბარწილად გადაიხდება მომუშავეთა და დამქირავებელთა მიერ, თუმცა შენატანების ზომა უფრო მცირეა სხვა სქემებთან (რგოლებთან) შედარებით. ასე  მაგალითად, შენატანებმა საშუალოდ შეადგინა: ცენტრალური და ადგი­ლობრივი სახელმწიფო დაწესებულების მოსამსახურეთათვის შემოსავლების 16,57%, ხოლო კერძო სკოლებისა და უნივერსიტეტების მოსამსახურეთათვის 13,65%. პენსიების საშუალო ზომამ კი შეადგინა, შესაბამისად, 210-219 ათასი იენი და 207 ათასი იენი. პენსიები აქაც ასევე გადაიხდება  65 წლის ასაკიდან.

რაც შეეხება საპენსიო შენატანებისა და პენსიების მიმღებთა თანაფარდობას, იგი ცალკეული ასოციაციების მიხედვით განსხვავებულია. ამ მხრივ ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია ცენტრალური სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომელთა ურთიერთდახმარების ასოციაციისა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების თანამშრომელთა ასოციაციის ფონდები, სადაც შესაბამისად ეს თანაფარდობის მაჩვენებლები შეადგენს 1,5:1 და 1,43:1. ამ მხრივ ყველაზე ხელსაყრელ მდგომარეობაშია კერძო სკოლებისა და უნივერსიტეტების თანამშრომელთა ურთიერთდახმარების ასოციაციის საპენსიო ფონდი, სადაც ხელმომწერთა რაოდენობა 4-ჯერ აღემატება პენსიების მიმღებთა რიცხვს.

ამჟამად, სახელმწიფო ცენტრალური ბიუჯეტის მეშვეობით აფინანსებს საბაზო პენსიების 1/3-ს და სამივე საპენსიო სქემის მთლიან ადმინისტრაციულ დანახარჯებს. საბაზო პენსიის სხვა დანახარჯები იფარება დაზღვეულთა შენატანების საფუძველზე. ქვეყნის მოსახლეობის სწრაფი დაბერება და ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპები განაპირობებს იმის აუცილებლობას, რომ საპენსიო სისტემის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე დაიხარჯოს სულ უფრო მეტი სახელმწიფო სახსრები. ამჟამად, ყველაზე მეტ ფინანსურ სიძნელეებს განიცდის ეროვნული პენსიების სისტემა, სადაც საბაზო პენსიის მიმღებთა სწრაფ ზრდასთან ერთად, ფინანსურ პრობლემებს ამწვავებს ისეთი მოვლენა, როგორიცაა შენატანების გადაუხდელობა. კანონი უფლებას აძლევს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეს ნაწილობრივ ან მთლიანად გათავისუფლდნენ შენატანების გადასახადისგან, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, რომელთა წილი ხშირად აღემატება მთლიანი ხელმომწერების რაოდენობის 17%-ს. პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობა ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს ზრდის სამომხმარებლო გადასახადის განაკვეთებს (2014 წელს იგი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა), რომელიც ხმარდება საბაზო პენსიების სუბსიდირებას, თუმცა ამის საშუალებას ყოველთვის არ იძლევა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. გარდა ამისა, პრობლემის გადასაწყვეტად მთავრობა არცთუ იშვიათად ახდენს სადაზღვევო შენატანების ზრდასაც.

ქვეყნის საპენსიო სისტემის სიძნელეები მარტო ფინანსური პრობლემებით როდია განპირობებული. უზარმაზარი ორგანიზაციული სტრუქტურა, მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორიების დაზღვევის განსხვავებული პირობები, პენსიების სიდიდის დიდი განსხვავება, დაზღვევის ერთი სისტემიდან მეორეში პენსიონერთა გადასვლასთან დაკავშირებული ახალი ანგარიშსწორების შექმნისა და სხვა პროცედურული სიძნელეები არა მხოლოდ ართულებს ამ პრობლემას, არამედ გარკვეულ უკმაყოფილებასაც იწვევს მოსახლეობაში.

ქვეყნის საპენსიო სისტემის ორგანიზაციული სტრუქტურის გამარტივების, საპენსიო დაზღვევისა და საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფის, მისი მართვის ოპტიმიზაციისა და ფინანსური პრობლემების სიმწვავის შერბილების მიზნით 2015 წლის ბოლოდან დაიწყო მასშტაბური საპენსიო რეფორმის განხორციელება. რეფორმის მთავარი იდეაა  სხვადასხვა საპენსიო სისტემების გაერთიანება, საპენსიო შენატანებისა და პენსიების სიდიდეთა შორის არსებული დიდი განსხვავების აღმოფხვრა, აგრეთვე, პროცედურული პრობლემების მოგვარება. საპენსიო სისტემისთვის უფრო მეტი სამართლიანობის მიცემის მიზნით ნავარაუდევია სახელმწიფო მოსამსახურეთა პრივილეგიების გაუქმება, საპენსიო რეფორმის დასრულება ნავარაუდევია 2027 წლისთვის.

მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს სამედიცინო მომსახურება და დაზღვევა. იაპონიის მთავრობა ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა მოსახლეობის ჯანდაცვის განვითარებასა და სრულყოფას, რაშიც ქვეყანას მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს. ამის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ იაპონიაში არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა 83 წელი. ამასთან, იმ ადამიანთა თითქმის ნახევარი, რომელთაც მიაღწიეს 110 წელს, ცხოვრობს იაპონიაში.

იაპონური ჯანდაცვის სისტემის უპირატესობად უნდა ჩაითვალოს სამედიცინო მომსახურების სისწრაფის მაღალი დონე. ქვეყანაში ყოველ 100 ათას კაცზე მოდის 177 ექიმი და, რაც მთავარია, აქ არის სამედიცინო დაწესებულებების იდეალური ტექნიკური აღჭურვა და მათი საქმიანობის ორგანიზაციის მაღალი დონე. ყოველივე ამის შედეგია ის, რომ იაპონიაში ექიმის მიერ ავადმყოფის მიღების საშუალო დრო უდრის 6 წუთს, აშშ-ში კი იგი 20 წუთს უტოლდება.

ჯანდაცვის განვითარების დონე მისი ფინანსური სახრებით უზრუნველყოფითაც გამოიხატება. ქვეყანაში მოსახლეობის ჯანდაცვის ხარჯები შეადგენს მისი მშპ-ის 8,1%-ს. იაპონიაში ჯანდაცვის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე აშშ-ში, სადაც ამ მიზნით იხარჯება თითქმის 2-ჯერ მეტი სახსრები. დანახარჯებში ასეთი დიდი განსხვავება განპირობებულია, პირველ ყოვლისა, იაპონიაში დაავადების პრევენციის მაღალი ორგანიზაციის საფუძველზე მისი თავიდან აცილებითა და აგრეთვე მკურნალობის ნაკლებაგრესიული მეთოდებით.

მიუხედავად იაპონიის ჯანდაცვის სფეროში მიღწეული წარმატებებისა, მას აქვს მწვავე დემოგრაფიული პრობლემები. ქვეყანაში სიკვდილიანობის დონე ჭარბობს შობადობის დონეს. თანაც ძალზე სწრაფად ხდება მოსახლეობის დაბერება. საპროგნოზო მონაცემებით, 2050 წელს იაპონიის მოსახლეობის 40% იქნება 65 წლოვანთა ზღურბლზე, რაც დიდ ტვირთად დააწვება ეროვნულ ჯანდაცვასა და ეკონომიკას, რამდენადაც მოხუცებულთა მკურნალობის ხარჯები 4-5-ჯერ მეტია, ახალგაზრდებთან შედარებით [5].

ქვეყნის ჯანდაცვის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევას. იაპონიაში საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა შემოღებულ იქნა ჯერ კიდევ 1961 წელს, რომელიც მოიცავდა ორ სქემას. შემდგომში კი სამედიცინო დაზღვევის სისტემაში შეტანილმა  მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა უფრო გააძლიერა მისი სოციალურად ორიენტირებული ხასიათი. 1973 წელს სადაზღვევო გადასახდელების ხარჯზე სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების კომპენსაცია გაიზარდა 70%-მდე. 1983 წ. კი ძალაში შევიდა ხანდაზმულ მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც ამ მიზნით გაწეული დანახარჯების დაფარვა დაეკისრა არა მხოლოდ ჯანმრთელობის ეროვნულ სისტემას (სადაც დაზღვეულია მოქალაქე), არამედ მასთან ერთად  იმ სისტემას, სადაც დაზღვეულნი არიან სახელმწიფო და კერძო საწარმოთა მოსამსახურეები. მაგრამ ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 1997 წ. ხანგრძლივი მოვლა-პარტონობის დაზღვევის შესახებ კანონის მიღება, რომლითაც სათავე დაედო ქვეყანაში ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლა -პატრონობის სისტემის ფორმირებას.

ამჟამად, სამედიცინო დაზღვევის სისტემა შედგება 3 რგოლისგან:

  1. დაზღვევა სამუშაო ადგილისა და პროფესიის მიხედვით. იგი მოიცავს დაზღვევის საზოგადოებრივი სისიტემის მეშვეობით იმ კომპანიების თანამშრომლებს, სადაც მუშაობს 5 კაცზე მეტი; წვრილ საწარმოთა მუშაკებს (ჯანმრთელობის დაცვის იაპონური ასოციაციის მეშვეობით); სახელმწიფო მოხელეებს, კერძო სკოლებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლებს, მეზღვაურებს და სხვ.
  2. სხვადასხვა კატეგორიის მუშაკთა ეროვნული დაზღვევის სისტემაში შედიან თვითდა­საქმებულები, ფერმერები, მეთევზეები და მეტყევეები, უმუშევრები, პენსიონრები, აგრეთვე, 75 წელზე ნაკლები ასაკის მქონე პირები, რომლებიც არ არიან დაზღვევის სხვა სქემაში გაერთიანებულები.
  3. 75 წელზე მეტი ასაკის პირთა დაზღვევა.

სადაზღვევო შენატანებისა და მათი შეგროვების განსაზღვრის მეთოდები დაზღვევის სისტემების მიხედვით განსხვავებულია. სამუშაო ადგილისა და პროფესიული დაზღვევის დროს (I სქემა) შენატანები გაიანგარიშება ხელფასებიდან, რომელთა განაკვეთები მერყეობს 3-დან 12%-მდე, შემოსავლების დონეზე დამოკიდებულებით. დაზღვევის ეროვნული სისტემის (II სქემა) დროს შენატანები პირდაპირ გადაირიცხება ხელმომწერთა მუნიციპალიტეტებში და შედგება ორი ნაწილისგან: პირველი ერთნაირია ყველა საოჯახო მეურნეობისთვის,  მეორე  მუნიციპალი­ტეტების მიერაა გაანგარიშებული და ითვალისწინებს მათი შემოსავლებისა და აქტივების მოცულობას. რაც შეეხება ხანდაზმულთა შენატანებს (III სქემა) ისინი ამოიღება მუნიციპალიტეტების მიერ [3].

სადაზღვევო შენატანებისა და სადაზღვევო გასაცემლების თვალსაზრისით, შედარებით ხელ­საყრელია სადაზღვევო სისტემის I სქემა, რამდენადაც აქ ჭარბობს ახალგაზრდა და საშუალო ასაკის დაზღვეულები, რომელთა მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებაზე, შედარებით მცირეა. უფრო ცუდი მდგომარეობაა დაზღვევის ეროვნულ სისტემაში, სადაც დაზღვეულია ხანდაზმულთა უმეტესობა, რომლებიც უფრო მეტად საჭიროებენ სამედიცინო მომსახურებას. ამასთან, აქ დიდია დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების რაოდენობა, მ.შ. მათი, ვინც მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლებულია სადაზღვევო შენატანებისგან. თუმცა გასაგები მიზეზების გამო ამ მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობაა 75 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა დაზღვევის (III სქემა) პირობებში.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გრძელვადიანი მოვლა-პატრონობის დაზღვევის სისტემა, რომელიც იაპონიაში 2000 წლიდან მოქმედებს. იგი ფინანსდება რამდენიმე წყაროს მეშვეობით, რომლის 40% იფარება სადაზღვევო შენატანებით, მას იხდის ყველა 40 წელს მიღწეული მოქალაქე ხელფასის 1,5%-ის ოდენობით, მ.შ. პენსიონრებიც. მომსახურების ღირებულების 10%-ს იხდიან პაციენტები, დანარჩენს კი  ცენტრალური ხელისუფლება (25%) და ადგილობრივი ორგანოები (12,5%). 75 წელს გადაცილებული მძიმე სნეულებით დაავადებული და საწოლს მიჯაჭვული ავადმყოფები, აგრეთვე, 65-დან 75 წლამდე მძიმე განუკურნებელი სენით დაავადებულები მომსახურებას ღებულობენ თავიანთ სახლებში, ხანგრძლივი მომსახურების ადგილებსა და სპეციალურ კლინიკებში.

როგორც ვხედავთ იაპონიას აქვს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის საკმაოდ მაღალი დონე, რომლის მთავარი ღირებულებებია შემდეგი:

  1. ეს სისტემა გარანტიას აძლევს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილის, პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა, მიიღოს სამედიცინო მომსახურება ქვეყნის ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და თვითონ შეარჩიოს სამედიცინო მომსახურებისთვის სასურველი სამედიცინო პერსონალი;
  2. იგი განსაზღვრავს სადაზღვევო გადასახდელების ერთნაირ წილს დაზღვევის ყველა სქემისთვის (70%) მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვაში 75 წელს მიღწეულ პირთა გამოკლებით, რომლებიც იხდიან მომსახურების ღირებულების 10%-ს, აგრეთვე, დაბალშემოსავლიან პირთა გარდა, რომელთათვისაც დაწესებულია სხვადასხვა სახის შეღავათები;
  3. ქვეყნის ყველა საავადმყოფოსა და კლინიკისთვის დადგენილია ერთნაირი ფასები სამედიცინო მომსახურებაზე, რომელსაც განსაზღვრავს და პერიოდულად აკორექტირებს ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტრო, სოციალური დაზღვევის საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად;
  4. ეს სისტემა დაფუძნებულია თაობათა სოლიდარობის პრინციპებზე, როცა მომუშავე ახალგაზრდა თაობა ფარავს ხანდაზმული ასაკის პირთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს.

ამასთან, ყოველმხრივ მაღალგანვითარებულ იაპონურ სოციალური უზრუნველყოფის სისტემას აქვს სერიოზული სირთულეები და გამოწვევები, რომელთაგან მთავარია მოსახლეობის სწრაფი დაბერება. ექსპერტ-სპეციალისტების პროგნოზით „ვერცხლის სუნამი“ /ასე უწოდებენ იაპონიაში ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პროცესს/ გაგრძელდება 2043 წლამდე, როცა ხანდაზმულთა რაოდენობა მიაღწევს 38,9 ათას კაცს. შემდგომში იგი დაიწყებს კლებას, მაგრამ ქვეყანაში მოსახლეობის დაბერების პროცესი გაგრძელდება. სათანადო გათვლებით დასტურდება, რომ ხანდაზმულთა წილი მოსახლეობის სტრუქტურაში იქნება 2025 წ. – 29.6%, 2055 წ. – 39.4% და 2060 წ. - თითქმის 40%. ამასთან, თუ 2015 წ. 1 ხანდაზმულზე მოდიოდა 2.3 შრომისუნარიანი პირი, 2060 წლისთვის უკვე 1 ხანდაზმულს შეინახავს 1,3 შრომისუნარიანი ადამიანი [3].

საერთოდ კი, დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიას აქვს სერიოზული მიღწევები (გამოწვევებთან ერთად) სოციალური უსაფრთხოების სფეროში, რომელთა გაზიარება დიდად წაადგება როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი სამყაროს ქვეყნებს, მ.შ. საქართველოს მდგრადი და უსაფრთხო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაღალი დონის მიღწევაში. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Лобанова В. В., Симоненко О. А. – Национальная безопасность Японии и разногласия в Японо-Американских отношениях. http://pnu.edu.ru/meida/ejournal/articles-2016/TGU_7_53.pdf
  2. Миямото Таро – Сщциальная политика и занятость XXI веке https://www.nippon.com/ru/in-depth/a04203/
  3. Лебедева И. П. – Система социалного обеспечения Японий: достижения и проблемы https://cyberleninka.ru/article/n/sistema-socialnogo-obespecheniya-yaponii-dostizheniya-i-problemy.
  4. Пушкарева Л. В. – Экономическая безопасность, учебник, М, 2018 https://sziu-lib.ranepa.ru/new_book/Html_01.19/pushkareva/pushkareva.html
  5. Тимонина И Л – Уровень социально-экономического развития Японии и новый вектор экономической стратегии - https://cyberleninka.ru/article/n/ uroven-sotsialno-ekonomicheskogo- razvitiya-yaponii-v-mezhdunarodnyh-sravneniyah-i- novyy-vektor-ekonomicheskoy-strategii 
  6. Бедность в Японии – невеселый прогресс https://www.nippon.com/ru/features/h00072/
  7. ВВП стран мира: доля стран в мировом ВВП https://fingeniy.com/vvp-stran-mira-dolya-stran-v-mirovom-vvp/
  8. Внешная торговля Японии https://studwood.net/1453201/ekonomika/vneshnyaya_torgovlya_yaponii
  9. Как Япония избежала массовой безработницы в пандемию Коронавируса https://www.nippon.com/ru/in-depth/a07603/
  10. Уровен бедности в Японии https://take-profit.org/statistics/unemployment-rate/japan/
  11. Экономика Японии https://ru.wikipedia.org/wiki/ Экономика_Японии